Screen Shot 2020-03-12 at 6.36.39 PMამ ბოლო დროს საოცრად გამიტაცა იაპონიამ, განსაკუთრებით “ჩავიციკლე” ანიმეების ყურებითა და იაპონური ტანკების კითხვით. ყველა ადამიანს აქვს ასეთი ამოჩემების ფაზები და ჩემთვის თებერვალი იაპონური თვე იყო. რა თქმა უნდა, ერთი თვე არაფერია ამ ქვეყნის კულტურის მასშტაბების ხელშესახებად, მაგრამ მინდა რამდენიმე შთაბეჭდილება გაგიზიაროთ, რადგან დარწმუნებული ვარ ზოგი თქვენგანი ისიამოვნებს და გადაიდებს ამ სენს. ეს კონკრეტული შთაბეჭდილება არის იაპონური ანიმეს, პრინცესა კაგუიას ამბის ჩემებური გაშლა-განხილვა, რაც დიდწილადაა განმსჭვალული ჩემი სურვილით, კიდევ მეტი ხალხი ავიყოლიო ანიმეებისა და ზოგადად ფილმების ყურებაში.

კორონას პანდემიის დროს ხელთ დიდი დროც აღმომაჩნდა. დრო არა მარტო ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არამედ პირველ რიგში დასაფიქრებლად: რათ გვინდა ასე ეს ჯანმრთელობა, რისთვის გვინდა სიცოცხლის შენარჩუნება, თუ შენს-ჩვენს ცხოვრებაში არ არის არსი-(meaning), არსში არ ვგულისხმობ რაიმე კონკრეტულ მიზანს, არამედ მთლიანობას, შინაარს, რომელიც კი არ მიდის და მოდის როგორც ვირუსი, კარიერა და ფული, შეყვარებულები და მტრები, მოყვარეები და მოძულეები, არამედ გავსებს ყოველდღიურად და ამიტომ ავსებს სხვებსაც შენს გარშემო. კორონა ვირუსი გადაივლის, როგორც ყველა პანდემია, მრავალ მოვლენას გაუვლია ასე, მაგრამ ადამიანი ისევ არ დაფიქრდება იმაზე თუ რატომ იბრძვის ასე გამალებით გადარჩენისთვის, თუ მეორე დღესვე მზადაა ისევ ისეთ ქაოსში და გაურკვევლობაში იცხოვროს, როგორც უწინ?! ანუ ფაქტიურად მკვდარია სიცოცხლეში და ამავდროულად ეშინია სიკვდილის. უნდა სიცოცხლე რომ რაღაცად გახადოს იგი, თუმცა ეს გახდომა და ეს მომავალი იმედები არასდროს დგება.

მთავარი კითხვა ისევ ჰაერშია: რა არის ჩვენი ცხოვრება სიკვდილამდე? (ვიცი ბანალურად ჟღერს, მაგრამ თუ მართლა ჩაუფიქრდებით, საინტერესო და სახალისო რაღაცებს აღმოაჩენთ, დრამატიზმის გარეშე ოღონდაც:)

სწორედ ამ ფიქრების გარშემო ტრიალებს ყველაფერი მართლა საინტერესო ხელოვნებაში. პრინცესა კაგუიას ამბავი განზრახ ავირჩიე, რადგან ეს ანიმე არის საოცრად მარტივი, ამასთანავე საოცრად მისტიური, ნაკლებად ალეგორიული (დასავლურ ზღაპრებთან შედარებით), თუმცა უნივერსალური.

უპირველესად, გირჩევთ თავად უყუროთ პრინცესა კაგუიას ამბავს (2013)-რეჟისორი ისაო ტაკაჰატა. შემდგომი ნაწილი არის ე.წ სპოილერების მდინარე, თუმცა ვერც ერთი სიტყვა ვერ მივა ვიზუალურ გამოცდილებასთან და იმ განწყობასთან, რაც ამ პაწუკა გოგონას ამბავს შემოაქვს.

იმ ოცი-ოცდაათი ანიმეს ნახვის შემდეგ, რომლებზეც სხვა დროს დავწერ, შემიძლია ვთქვა, რომ ანიმეს ფორმას აქვს რაღაც ძალიან განსაკუთრებული ენერგია. ეს არის ატმოსფერული გრძნობების სამყარო, შეგრძნებების სამეფო, ინტელექტის მიღმიერი და მისტიური, რისკენაც გაცნობიერებულად თუ არა მიდის ჩვენი ფსიქიკური არსებობა. ამიტომ პირველივე ანიმეს ყურების დროს დამეუფლა საოცრად ნაცნობი გრძნობა, არადა იაპონიასთან არც არაფერი მაქვს საერთო.

პრინცესა კაგუიას ამბავი ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. მთელი ანიმე არის, მარტივად და ლაკონურად მოწოდებული სიბრძნე, ისეთი როგორიც მხოლოდ ხალხურ თქმულებებს ახასიათებთ, რადგან ანონიმურობას,ხალხურობას, ნაკლებად ადარდებს ინტელექტისთვის დამახასიათებელი პედანტიზმი. (კაგუიას ამბავიც დაფუძვნებულია იაპონურ ხალხურ თქმულებაზე, თუმცა არ შეიძლება პარალელი არ გავალოთ გენიოსი მეზღაპრის ჰანს კრისტიან ანდერსენის “ცეროდენასთან’, რომელიც გარკვეულწილად იგივე გამოწვევებს ხვდება).

Screen Shot 2020-03-12 at 6.35.45 PM

კაგუიას ამბავი ასე იწყება: მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს ერთ-ერთ იაპონურ სოფელში, სადაც თავს ბამბუკის ნაწარმის კეთებით ირჩენენ. ერთხელ მოხუცი კაცი ბამბუკის ჭრის დროს, შენიშნავს რომ ერთ ერთ ბამბუკში ცეროდენა გოგოს სძინავს. გოგონა ისეთი პატარაა რომ მის ერთ ხელში ეტევა. მოხუცი კაცი გოგონას სახლში წაიყვანს, სადაც ცეროდენა გოგონა უცბად ადამიანის ზომის ჩვილის ფორმას იღებს და ასე აგრძელებს ზრდას. თუმცა ის ძალზე სწრაფად იზრდება. ადგილობრივი ბავშვები მას ბამბუკას შეარქმევენ. ასე იზრდება ბამბუკა ჰარმონიაში. მას ყველაფერი აქვს გარშემო, ბუნება, მოსიყვარულე მშობლები, მაგობრები, თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც მამა ბამბუკში ოქროსა და ძვირფას ნაჭრებს იპოვის. მოხუცი ამ ნივთებს ზეციურ ნიშნად მიიღებს და ფიქრობს, რომ ზეცას უნდა ბამბუკა ნამდვილ, სახელგანთქმულ პრინცესად აღიზარდოს. 

Screen Shot 2020-03-12 at 6.36.03 PM

ასე რადიკალურად იცვლება ბამბუკას ცხოვრება. ის ქალაქში გადადის, სადაც უწინ ბამბუკის მჭრელმა, მამამ დიდი სასახლე შეუძინა, დაიქირავა აღმზრდელები, მზარეულები, მუსიკოსები, მოკლეთ ყველა ის ვისაც ბამბუკასგან ნამდვილი პრინცესა უნდა აღეზარდა. და ასეც მოხდა,

აღსრულდა მამის სურვილი, ბამბუკა გახდა ნამდვილი პრინცესა, მას შესაფერისი სახელიც კი მისცეს-პრინცესა კაგუია (რაც, როგორც მოვიძიე, იაპონურად ნიშნავს ნათელ ღამეს). და მისი სახელის წოდების დღესასწაულიც გამართეს. კაგუიას აქ პირველად შეიპყრობს ეჭვები, ის ვერ იშორებს სევდას, რომელიც სოფლის დატოვებიდან მისი თანამგზავრი გახდა. თავის პატარა ოთახში გამოკეტილი კაგუია, ხვდება, რომ მის ყოფნა-არ ყოფნას იმ საზოგადოებისთვის, რომელიც მისი სახელის წოდებას აღნიშნავს დიდი მნიშვნელობა არც აქვს. პრინცესა კაგუიას სახელის დღესასწაული სამი დღე ღამე გაგრძელდა, ჩვეულების თანახმად კაგუია არავის უნახავს, თუმცა მასზე ლეგედები ყველას გაუგია.

Screen Shot 2020-03-13 at 6.40.17 PM

დღესასწაულის დროს კაგუია ყურს მოკრავს ადამიანების საუბარს, მათ ეჭვებს მისი სახელის, სილამაზის შესახებ, კაგუია ხვდება მათ არასერიოზულ დამოკიდებულებას და აგდებულ საუბარს მის შესახებ. მას უნდა დაანგრიოს ასე საგულდაგულოდ ნაშენები სასახლე და ელვის სისწრაფით გადავიდეს ქოხში, სადაც გაიზარდა, მოშორდეს ამ ფსევდო დღესასწაულს.  თუმცა უკან გზა აღარ არის, მალე კაგუიას ხელის სათხოვნელად მოდიან დიდგვაროვანი პრინცები, თუმცა გონიერი პრინცესა თავისი გამჭრიახობით ყველას თავიდან იშორებს.

კაგუიას წინაშე ერთმანეთის მიყოლებით ინგრევა ნდობა ადამიანების მიმართ. ის ხედავს რა ზედაპირული და მატყუარაა ყველა მისი ხელის მთხოვნელი. ისინი სხვადასხვა ტრიუკითა და ტყუილით ცდილობენ კაგუიას გულის მოგებას, თუმცა კაგუია ხომ არ არის ბოლომდე ადამიანი, ის არაამქვეყნიური წარმოშობისაა და ადამიანების მსგავსად ზედაპირულ ველში ვერ ცოცხლობს. მას არ შეუძლია არ დაინახოს, არ იგრძნოს ის ძალადობა, რომელსაც მისი თაყვანისცემლები ავლენენ. ყველა მისი ხელის მთხოვნელი დარწმუნებულია რომ კაგუიას ბედნიერება მათთან ყოფნაში იგულისხმება, არადა არც ერთს არ უნახავს კაგუას სახე.

კაგუია ნელ-ნელა ხვდება, რომ ბედნიერება, რომელსაც მისი მშობლები პრინცესობაში, დიდ სახელში ხედავდნენ მისთვის აუტანელია და ასეც ეუბნება მათ, როდესაც ისინი კაგუიას მოწყენილობისმიზეზს ეკითხებიან. “ბედნიერება, რომელიც თქვენ ჩემთვის გინდოდათ ძნელი ასატანი იყო”-და ეს ალბათ, არის ყოველი შვილის სიტყვები მშობლისადმი. კაგუია-მორჩილი შვილი, მოსიყვარულე შვილი, ასევე მოსიყვარულე მშობლებით, შვილი რომელიც ერგება მშობლებისა და სოციუმის ჩვეულებებს, იჯერებს მათ რჩევებს, შინაგანად ცარიელდება წესების ქვეყანაში, მანამ სანამ მისი გული არ იწყებს კვდომას.

და ბოლო წვეთი, როდესაც ერთ-ერთი პრინცი მისი ნების წინააღმდეგ ჩაეხუტება, კაგუას გული იწყებს ყვირილს, რომელსაც მისი მშობლიური მთვარე იგებს. მისი სული ხვდება რომ ის მთვარიდან გამოაგზავნეს და ახლა უკანვე წაიყვანენ, რადგან კაგუია ყოველ დღე მთვარეს ევედრებოდა აეცილებინა გაუსაძლისი ყოფითი სიტუაციები მისთვის, მას დედამიწაზე ყოფნა აღარ უნდოდა.

თუმცა საბოლოოდ, როდესაც დადგა მისი დედამიწიდან წასვლის დრო, კაგუია ხვდება, რომ ასე წასვლა არ უნდა. ის მშობლებს ეუბნება, რომ ევედრებოდა მთვარეს დაეტოვიბინა ის დედამიწაზე თუმცა გვიანია, 15 რიცხვში მას წაიყვანენ მთვარეზე, სადაც მას დაავიწყდება დედამიწისეული სევდა, მონატრება, საზრუნავი, ყველაფერი რაც კი ოდესმე აქ განუცდია. ის ჩაეფლობა მარადისობაში, სადაც მხოლოდ სიმღერა გაახსენებს დედამიწას. კაგუიას ახსენდება, რომ შორს მთვარეზე იყო მოხუცი ქალი, რომელიც მღეროდა ამ სიმღერას, მხოლოდ ამ სიმღერის დროს იპყრობდა დედამიწის მონატრება. და ეხლა როცა კაგუას ჯერიც დადგა უკან დაბრუნების მას გაახსენდა ეს მომენტი. არ შეიძლება კაგუიას საუბრის დროს არ გაგვახსენდეს მარადიული დაბრუნების, ცხოვრების გაუწყვეტელი ციკლის ბრუნვის ფენომენი. 

“რას ვაკეთებდი აქამდე, რით ვირთობდი თავს?”-ეს არის მისი სიტყვები წასვლის მოახლობისას. კაგუია ეუბნება მშობლებს, რომ მხოლოდ ახლა, როცა გვიანია, ხვდება რისთვის გამოუშვეს დედამიწაზე, რისთვის მოევლინა ამ უცხო მხარეს. ერთადერთი მიზეზი-რომ ეცხოვრა. კაგუას უნდა ეცხოვრა ისე როგორც ჩიტებს, ისე როგორც ცხოველებს ნამდვილად და არა ვითომ, როგორც პრინცესობის ჟამს. მხოლოდ ეხლა ხვდება, რომ ნამდვილად ბედნიერი იქნებოდა სუტემარუსთან, მეგობარ სოფლელ ბიჭთან, ბამბუკების ველში, იქ სადაც მოევლინა დედამიწას. 

თუმცა უკან გზა არ არის. გონებაშეშლილი მშობლები ვერ ურიგდებიან კაგუიას წაყვანას. ისინი ვერ ხვდებიან რა დააშავეს, მათ ხომ ყველაფერი მისცეს პრინცესას. ეს არის მშობლის განშორების სევდა და შვილის სევდა, რომელსაც არ უნდა მშობლების დატოვება. კაგუიას არ უნდა მთვარეზე წასვლა, მაგრამ მისი გული გატეხილია. ის ხვდება, როგორ უნდა ეცხოვრა, მაგრამ ასე ხომ არ უცხოვრია. ამიტომ იღებს იმ სასჯელს რაც გულის გატეხვისთვის ეუკუთვნის, მას, მის მშობლებს, დედამიწას, ადამიანებს. მთვარის გასული სიბრძნე არ აპატიებს მას უსიხარულობას, ის უმოწყალოა ადამიანების სინანულისადმი, მას მხოლოდ თავისი შვილის დაბრუნება უნდა მარადისობაში, უდარდელობის კალთის ქვეშ, გარინდებულ სამეფოში, რომელიც დაცლილია ადამიანთა ვნებებისგან.

და ბოლო სცენა, რომლის აღწერაც არ ვიცი ღირს თუ არა. ეს არის ჩემთვის უსაყვარლესი ფინალი, რაც მინახავს ანიმეების ფინალებს შორის. 

Screen Shot 2020-03-13 at 6.42.21 PM

კაგუიას წასაყვანად მოდის მთვარის სამეფოს არმია: ისინი უკრავენ გასულ, არახორციელ მუსიკას, რომელიც არის ისეთივე ჰაეროვანი და ინდიფირენტული როგორიც თავად ღრუბლებზე მსხდარი ადამიანები არიან. ეს არსებები მოგვაგონებენ ბუდას, რომელსაც სძინავს დედამიწის საზრუნავებში, ის არის გასული მდგომარეობა, მთლიანობა, ამაღლებული ყოფითზე, ის თავად ყოფნაა. ასეთი არსებები არიან კაგუიას პლანეტელები. მათ წინაშე ადამიანს იარაღი არ გააჩნია, ისინი დაშინებულ ისრებს ყვავილებად აქცევენ. მათი ნების წინაშე მოუსვენარი ადამიანი უძლურია.

კაგუიას არ უნდა წასვლა, მან იცის რომ შამოსაცმლის მოცმისთანავე დაავიწყდება დედამიწა, მშობლები, რომლებიც ევედრებიან არ წავიდეს, რომ აპატიოს მათ ეს განშორება. მთვარის არსება კაგუიას ეუბნება: “მთვარის მარადიულ სამეფოში, შენ დაივიწყებ ამ უაზრო ადგილის შესახებ.” რაზეც კაგუია დედამიწას იცავს, მისი გატეხილი გული მაინც ადამიანებისკენ იხრება, რომლებიც “ყოველ დღე განიცდიან სიხარულსა და სევდას სხვადასხვა ფერებით.” თუმცა მას შემოსაცმელს აცმევენ და კაგუია მიღმიერი მუსიკის ფონზე, ღრუბლებზე ადის, შორდება დედამიწას. შორდება ყველაფერს. ბავშვობას, მეგობრებს, მშობლებს, წამიერ ცხოვრებას. თუმცა ბოლო წუთას მთვარისკენ მიმავალი მაინც უკან იყურება, დედამიწისკენ ცრემლიანი თვალებით.

მუსიკა რომლიც თან სდევს ფინალს არის ერთდროულად დღესასწაულისა და დაკრძალვის ჰანგები. კაგუია მთვარეზე ბრუნდება. ის დედამიწისთვის დაკარგულია, რადგან თავად დედამიწამ დაკარგა პირველად ბამბუკა.

Screen Shot 2020-03-13 at 6.42.52 PM

რატომ მაინცდამაინც ეს ანიმე? ეს სურათი კიდევ და კიდევ გვახსენებს, რომ ჩვენი ცხოვრება არ უნდა იყოს ტანჯვა, როგორც არ უნდა გვაჯარებდეს ამას სოციუმი. სადაც არის დაყოფა, იქ არის კონფლიქტი, სადაც არის კნფლიქტი იქ ვერ იქნება სიყვარული (ჯ.კრიშნამურტი). კაგუიას ისე უნდა ეცხოვრა როგროც მინდვრის ყვავილს, რომელიც კი არ იბრძვის გაზრდისთვის, არამედ ბუნებრივად მოდის და მიდის, მასზე კი არ ძალადობენ, არამედ თვითონ ვითარდება და გარემო პირობები მხოლოდ იმდენად არსებობს რამდენადაც მის ბუნებრივ განვითარებას ეხმარება. სხვა ყველაფერი კარიერა, სტატუსი, სახელი, სასახლე პირობითია, მათ ვერ მოიტანეს კაგუიას სიხარული, ისევე როგორც ვერ აბედნიერებენ მრავალს რომელიც სიმდიდრის მოხვეჭაში ხედავს არსს. რა თქმა უნდა, ჩემი განხილვა იმ გამოცდილების მხოლოდ ფრაგმენტია, რასაც სტუდიო ძიბლის ეს მარგალიტი შემოგთავაზებთ, თავისი ულამაზესი ნახატებით.